ღონისძიებები


,,ანბანის  გაცილება“

წავლების საფეხური: I კლასი;
მოსწავლეთა რაოდენობა: 17 მოსწავლე;
თარიღი:  16.05.2014
მასწავლებელი:  კლასის ხელმძღვანელი ქ.ზურაბაშვილი;
                              მუსიკის მასწავლებელი ლ.მაჩიტიძე.
ღონისძიების მნიშვნელობა/აქტუალობა: მოსწავლეები ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს მხატვრულ კითხვაში, სიმღერასა და ცეკვაში; უვითარდებათ როლური თამაშების  უნარ-ჩვევები; უმუშავდებათ ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად აუცილებელი უნარ-ჩვევები.
მისაღწევი სტანდარტი:
 ს.გ.I.9. მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

ქართ. I.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

მუს.I.2.   მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.

მუს.I.3.   ოსწავლეს შეუძლია მიმართოს  გამოხატვის სხვადასხვა ფორმას  გარკვეული   
განწყობილების გადმოსაცემად.

მუს.I.6.   მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.



ანი-გამარჯობა, ალბათ მიცანით. მე სწორედ ის პატარა ია ვარ, რომელმაც პირველად გაგიღიმათ, იის  სურნელს  გაზიარათ, გაზაფხული მოგილოცათ და ცოდნის სამყაროსაკენ  სავალი  გზა  დაგილოცათ.
სიმღერა: მე ია ვარ ბაღჩა-ბაღის მპყრობელი,
გაზაფხულის ნაზი მახარობელი,
მე ია ვარ ლურჯი  კაბით მორთული,
წამიყვანეთ, თქვენთვისა ვარ მოსული.( 2-ჯერ)
          მე მახარებს მზის სხივების  ბრჭყვიალი,
         და  მერცხლების  ცის  ლაჟვარდში  სრიალი,
         მე  ია  ვარ  ლურჯი  კაბით  მორთული,
        წამიყვანეთ, თქვენთვისა  ვარ  მოსული.( 2-ჯერ)
ლანა-აჰა, გაცნობათ  ჩიტმა ჭიკჭიკამ
ამ ცეროდენებს რაც გვიხარია!
ოცდაცამეტი ასო მზისხივა
ქართული ასო შეგვისწავლია!
გიორგი  შ.-ჩვენ ზეიმი გვაქვს ამჟამად
მიზეზიცა გვაქვს ლხენისა,
სასკოლო დღესასწაული,
ანბანის გაცილებისა.
ლიკა -ყური უგდეთ ვარდების და
            ზამბახების ნაზად შრიალს
            დღეს ანბანის ზეიმია,
          „დედაენის’’ მეჯლისია.
ნიკა- დიდი წვალებით, შრომითა და გარჯით მოვიდა ჩვენამდე ქართული  ანბანი. უამრავი ფარი, შუბი და ხმალია შიგ ჩაქსოვილი. ამიტომაცაა გამძლე, მტრისაგან აუღებელ ჩვენი ანბანი, ჩვენი სათაყვანებელი  ,,დედაენა“.
თორღვა - -ბრძოლებსა და გაჭირვებაში გამოიარა ქართულმა ანბანმა, იყო დრო როცა ქართველების მცირე ნაწილმა იცოდა წერა კითხვა. საქართველოს სჭირდებოდა  მასზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც მისთვის არაფერს დაინანებდნენ,რომ  ჩვენამდე  მოეტანათ დედა ენა.

ნინო- ყოველი  ქართული  სიტყვა  ისე  ლამაზია, ბულბულის ყელით ნამღერსა  ჰგავსო- უთქვამს  იაკობს. დედაენა კი ის წიგნია, სადაც ბულბული გალობს, დედა კი ლოცვას აღავლენს.

გიორგი  მ.-ენა ქართული-დედაა ჩვენი,
                    ენა ქართული- ძალაა ჩვენი,
                   ენა ქართული-სისხლი და ხორცი ქართველი კაცის,
                    ენა ქართული-შემონახული ცეცხლით და შანთით,
                   ენა ქართული-მოვლენილი მადლი ზეცისა,
                  ენა ქართული-საამო და საგალობელი!
ქსენია- დედაენა ადამიანის უძვირფასესი საუნჯეა. იაკობ გოგებაშვილმა დედაენას უწოდა ბურჯი ეროვნებისა. სკოლასი მოსული ბავშვი  ,,დედაენის“  გაშლილი  ფურცლებიდან  ითვისებს  სამშობლოს სიყვარულს.
ნიკოლოზი- ჩვენი გმირობის და უკვდავების საფუძველს შეადგენს ის ენა, რომელსაც პირველად ვსწავლობთ მშობლებისაგან. ეს არის აკვანში გაგონილი ,,იავნანის“  ენა, ენა  ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი  ხალხისა. ამ ენას დედაენა ჰქვია.
მზია- რა ტკბილია  დედაენა
            რა  ნათელი, რა ქათქათა,
           ვით ბულბულის შემოფრენა,
            როგორც დედის თბილი კალთა.
სანდრა- სიცოცხლეა  დედაენა
                  მშობელ მთის და ბარის,
                 დედაენა დედასავით
                საყვარელი  არის.                  
ირაკლი- დედაენის  ანი, ბანი,
                 მძივი არის ქარვისა,
                ვაჟის სახლის სამკაული,
                მზითვი არის ქალისა.

სიმღერა:,ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!

დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი
მგალობელი ფრინველი.


ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.

ლანა-ქართველი  ხალხი სათუთად უვლის და პატრონობს  თავისი ეროვნების  ბურჯს-მშობლიურ ენას.ქართველმა ხალხმა  ,,დედაენას“  ძეგლი  აუგო, ძეგლი  უკვდავებისა  და  თაყვანისცემის სიმბოლო.
გიორგი  შ.- ერთხელ დაბადებული კაცი  მეორედ  მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის  ,,დედაენას“  ხელში  აიღებს , გადაშლის  და თითქოს ისევ დაიბადაო. ამ სამზეოს  უცებ  სხვაგვარად  ხომ  დაინახავს , სხვაგვარადაც  გაიაზრებს.
გულიკო- ,,დედაენა“  ნატვრის  თვალი
                  კარს რომ უღებს  პირველ  ტიტინს,
                 ანბანია  ჩამოქნილი
                ,,აი  ია“,  ,,აი   თითი“.
სამირი- დედაენა, დედახიდი,
                მზის   და  დედამიწას  შუა,
               უნდა  ყველამ  შეიყვაროს,
              საქართველოს  შვილი  თუა.
რაილი- მამული  და  დედაენა ,
              გვეყვარება  გულით, მარად,
              ყველამ  უნდა  ვიბეჯითოთ,
             საქართველოს  გასახარად!
მზია- კაცს  ,,დედაენის“  მადლი  თუ არ ამშვენებს, დედასამშობლოს  სიყვარულის  გრძნობა  გულს  არ გაეკარება.
ირაკლი- ,,დედაენა“  სახარებაა  ბავშვებისათვის, საქართველოს  უწმინდეს  მამათა  მიერ  შედგენილი.ამიტომ, ,,დედაენა“  ჩვენთვის   იგივეა, რაც:
     ,,ვაზი, ჭიგოს  ჩახვეული,
       ლექსი, მზე და რწმენა.“
ლიკა- დედა ენა ერთია,
             დედა ენა  ღმერთია,
          დედასავით  ტკბილია,
          დედასავით  თბილია.
             დედა ენის  შვილია:
        რუსთაველი, ილია,
        ტატო, გალაკტიონი-
       მისი  გამოზრდილია.
     დედა ენის წყალობით
    ცოდნის  გზა  გახსნილია,
     დედა ენის  მშობელი
   დედასავით  ტკბილია.
სანდრა-ღმერთმა დალოცოს ყველა ის ქართული სიტყვა, რომელშიც ჩუქურთმასავით ამოკვეთილი დედაენის სახელი ამზევდება, აბრდღვიალდება.
თორღვა-ხან მოშვილდული, ხან გამართული,
ხან  აშოლტილი, ხან დახლართული
გამარჯვებულიც და დადაფნულიც,
მთელს  დუნიაზე  სახელგანთქმული.
კვლავ იგუგუნე  და იგალობე,
მამულის  ყველა  ხატი გწყალობდეს,
არ  მოგეშალოს  ფუძე აროდეს,
რომ შვილი შენი შენით  ხარობდეს.
დიდ ფარნავაზის ძველი  ნათლული-
 შენ ხარ  ანბანი, ჩვენი, ქართული.

სიმღერა-ანბანზე
თუ ასე გულით გიყვარდით,
რად არ ვიცოდი, იაო!
ჩვენთვის ანბანის კარები
ალერსით გაგიღიაო!
მოგეფერებით ანბანო,
როგორც კი შეგვიძლიაო,
შენთან შეხვედრას მოველით
რაც თავი შეგვიცნიაო...
მისამღერი: წინაპართ სისხლში ნაბანო,შენ მშობლიურო ანბანო
                        პატარა ივერიელთა, სიბრძნის ემბაზში გამბანო!
ეგ შენი განძის თილისმა
სიკეთით მძლეთამძლეაო,
შენგან მოძღვნილი საუნჯე
ჩაუქრობელი მზეაო!        / გამეორ:2-3სტროფი/
ნიკა-როცა ცას მოსწყდა ვარსკვლავი
და მეხი მეხზე გავარდა,
ანბანიც აბჯარს ისხამდა
მამულის დასაცავადა:
ხან ბუღა თურქსა რისხავდა,
ხან აღა-მაჰმადს ზარავდა.
რომ არ წაგვშლოდა, წერაქვით
ანბანს ვაწერდით მაგარ ქვას.
აკვნებზე ვახარატებდით
და ვაქარგებდით საქარგავს.
ვუფრთხილდებოდით ძველთაგან
მშობლიურ ენის დაკარგვას.

ქსენია-აი ია, აი შენი დედაენა,
აკვნიდანვე რომ გაჩუქა მზე და რწმენა,
აი ია, საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი.
აი წიგნი, სასწაული ჩვენი ერის,
სიცოცხლეზე  ძლიერი და მშვენიერი
იგი, როგორც ძლევის ფარი საიმედო,
ხელთ გიპყრია, დედავ, ქვეყნის ნათლისვეტო.
ნიკოლოზი-დედავ ,ქვეყნის ნათლისვეტო და მშვენებავ,
ზარდე შვილი საქართველოს აღმშენებლად,
სულში თაფლად ჩაეწვეთოს შენდა ლხენად.
დედაენა, დედაენა, დედაენა!
უამწიგნოდ ვერ აიდგამს ენას ჩვილი,
ვერც ჭაბუკი ინავარდებს ფრთებგაშლილი,
მას ენდე და კვლავ მიანდე შვილთა ბედი
დაილოცოს დედაენის შემოქმედი.
ნინო-მახსოვს, სკოლაში  მისვლის  პირველი  დღე. დაბნეულები და დარცხვენილები  გაუბედავად  შევცქეროდით  ერთმანეთს, მასწავლებელს, რომელმაც  მოგვილოცა  ჩვენი  პირველი  ნაბიჯები  და  გვირჩია  კარგად სწავლა.
გიორგი მ.- პირველად  ხელისკანკალით  მოვხაზეთ  ,,აი  ია“, მაგრამ  მასწავლებელმა  მაინც  მოგვიწონა  და  ჩვენც  უფრო  თამამად  დავწერეთ  ,,თითი’, ,,საათი“, ,,თოხი“. ვეცდებით  ამის  შემდეგ  უფრო  ყურადღებით  მოვუსმინოთ  მასწავლებელს  და  უკეთესად  დავეუფლოთ  წერა-კითხვას.
ანი- მახსოვს, ტკბილად  მარიგებდა ,
       დედა, ცრემლით  ნამული,
      შვილო, სამი საუნჯე  გვაქვს:
     ღმერთი, ენა, მამული.
ლანა- თუ  სამივეს  არ მოუვლი,
          რის  მაქნისი  იქნები,
         ამაოა  სხვაზე  შრომა,სხვაზე  ფუჭი  ფიქრები.
       
ლიკა- მოუარე, დაიცავი,
            გაუფრთხილდი  სამთავეს,
            სხვა  სიმდიდრე  არ  ინდომო,
           ჩემო  თვალის  სინათლევ! 
მზია-ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვაკაზმული,
განა  სიტყვები, ვარსკვლავებია,
 თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო არ გყვარებია.                                                                                                 
ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
 რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა,
 თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.
ლანა.-ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენ წმინდა წიგნში ამოქარგული
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.
გიორგი  შ.-ქართული მარტო ენაა?
ქართული-ქართველთ რწმენაა,
ღმერთია, ბედისწერაა,
ზღვა როა, იმოდენაა.
სიმღერა  საქართველოზე- ნინო
გიორგი  მ.- უძველეს  ტაძართა  ცრემლით  შენავედრი,
ტანჯული  მამული  სახატედ  ვიწამეთ,
ლოცვა  ცად  ადის  და ღვთისმშობლის  ილხვედრი
მიწა  გვაქვს  ამ დედამიწაზე...
მზია-ანი-ალავერდი,
ბანი-ბირთვისია,
ანი-განი-გელათი და
დონი დადაშენი,
რაილი-ენი -ერუშეთი,ვანი-ვარძიაა,
თორღვა-ზენი-ზედაზენი,
თანი-თუხარისი,
ქსენია-ინი-ილორია,
კანი-კვეტარია,
ლიკა-ლასო -ლომისია,
მანი-მოწამეთა,
ნიკა-ნარი-ნიკორწმინდა,
ონი-ოლთისია,
ირაკლი-პარი-პარხალი  და
ჟანი-ჟამისია,
სანდრა-რაე-რუისია,
სანი-სამებაა,
გულიკო-ტარი-ტაოსკარი
უნი-უფლისციხე,
გიორგი  შ.-ფანი-ფანასკერტი,
ქანი-ქაშუეთია,
ლანა-ღანი-ღვთისმშობლის და
ყარი-ყოვლადწმინდა,
სამირი-შინი-შუამთაა,
ჩინი-ჩირიკია,
ნინო-ცანი-ცაიში და
ძილი-ძელისაა,
ნიკოლოზი-წილი-წილკანია,
ჭარი-ჭერემია,
თორღვა-ხანი-ხორნაბუჯი,
ჯანი-ჯრუჭისაა,
ჰაე-ჰაერივით  წმინდა ჰუჯაბია.
გიორგი  შ.-ქართველო, ქართული სიტყვა  დუღაბია,
ლოცვაა თავად და დიდება  უფლისა,
ვერ  დაუღლია  და ვერ  დაუჯაბნია,
ჟამს  ერი, მჯობნელი  ცრუ  წუთისოფლისა!

..............
ანი-ახლა კი დროა, ,,დედაენის“  გმირები  გავაცოცხლოთ.
ეს  ვანოა, გახსოვთ  ზარმაცი  ვანო?  (გამოდის  გიორგი  მ.)
  (ინსცენირება)
    ანი- ვანო, სკოლაში  წადი!
     გიორგი- ფეხები  საშინლად  მტკივა!
     ანი- ვანო, აბა ერთი  ლეკური  დაუარე!
    გიორგი- აბა, ერთი  კარგი  ტაში  დაუკარით!
ცეკვა  ლეკური
ნიკოლოზი- მე  მუქთამჭამელა  ვარ.გახსოვთ,პატივი რომ დამდებოდა, ტანისამოსი გამოვიცვალე,ამის  გამო  კიდევ  უფრო  დამცინეს.გავითვალისწინე  მეგობრების  რჩევა  და  ხასიათი გამოვიცვალე, ხოდა პატივისცემაც დავიმსახურე.
ლიკა- მე  ერთგული  მარო ვარ. ძალიან, ძალიან მიყვარს  დედა. ისე ძალიან, რომ ერთხელ მის  მაგივრად  მწარე წამალიც  კი დავლიე.
ნიკა- მე  ცრუ  ბიჭი ვარ. გახსოვთ, ყანაში მომუშავე  გლეხები რომ შევაჩოჩქოლე, მგელი, მგელიო? ასე მოვატყუე  ერთხელ, ორჯერ, სამჯერ  და როდესაც  მგელი მართლა  მიუვარდა ფარას, ყური აღარავინ მათხოვა. მგელმა  კი ცხვარი სულ დაგლიჯა.
              აი, რა მოსდევს  სიცრუეს. მას შემდეგ აღარასოდეს  მითქვამს  ტყუილი.
ნინო-დრომ თავისი  გაიტანა. დღე დღეს  მსდევდა.ჩვენც ნელ-ნელა  ვიზრდებოდით.,,დედაენის“ მეშვეობით კი ის სიმდიდრე  შევიძინეთ,რომელსაც  ცოდნა  ჰქვია.
ქსენია-ცოდნა  სიმდიდრეა, მერე იმისთანა  მადლიანი  სიმდიდრე, რომ რაც უნდა  სხვას  დაურიგო, გაუნაწილო, ამით შენ არა დაგაკლდება რა.
ლანა- ცოდნა  ანთებულ  სანთელს  ჰგავს. ერთ სანთელზე  რომ ათას სხვა სანთელს  მოუკიდო, ამით სანთელს  არც ალი  დააკლდება  და  არც  სიცხოველე. პირიქით, იმატებს კიდევაც, რადგან ერთის  მაგიერ  იმასთან ერთად სხვა  ათასი  სანთელი  დაიწყებს  ლაპლაპს.


სიმღერა:
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
  ასო, პანი-პანიიი-    პე-პე-ლა- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
  ასო, ჩანი-  ჩანიიი- ჩა-ი და- ნი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  ჭარი- ჭარიიი,ჭარიი- ჭია-მაია- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო ბანი,  ბანიიი, ბანიიი-ბა-ყა-ყი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო ყარი, ყარიიი, ყარიიი-ყვა-ვი-ლი- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  სანი, სანიიი, სანიიი-სო-კო- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  განი, განიიი,განიიი-გვი-რი-ლა- გამოიცანი.
   ანი, ბანი, განი, ქართული  ანბანი
ასო  თანი, თანიიი, თანიიი-თევ-ზი- გამოიცანი.
 -სწავლა გვიყვარს,ჰერი ჰერი
 თითქოს  სულ არ არის ძნელი,
ჰერი ჰერი,ჰერი ჰერი,
სულ არ არის თითქოს ძნელი.
ანი.ბანი,განი,ქართული ანბანი,უუუუუუ!.....


 







7 комментариев:

  1. ძალიან კარგი სცენარია,სხვა პწდაგოგებიც ვისარგებლებთ.მადლობა

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. გმადლობთ გამოხმაურებისათვის. მოხარული ვარ, რომ საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის.

      Удалить
  2. ძალიან კარგი სცენარია,სხვა პწდაგოგებიც ვისარგებლებთ.მადლობა

    ОтветитьУдалить
  3. მომეწონა, თქვენის ნებართვით წავიღებ

    ОтветитьУдалить